top of page
2.jpg
ისტორია

BARTA – პლატფორმა, რომელიც 2019 წლიდან დღემდე ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს!

 

BARTA უკვე ექვსი წელია, რაც ხელს უწყობს საქართველოში კორპორაციული ანგარიშგების გამჭვირვალობას, მდგრადი განვითარების სტანდარტების დანერგვას და ბიზნესის ნდობის ზრდას.
ინიციატივა 2019 წელს შეიქმნა ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით.

 

BARTA-ს დებიუტი გამორჩეული ღონისძიებით აღინიშნა – 2019 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, მარეგულირებელი ორგანიზაციები, საკონსულტაციო და აუდიტორული ფირმები და მედიის წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე გამჭვირვალე და სანიმუშო ანგარიშგების მქონე საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიები აღიარეს.

 

პირველი წლის წარმატების გათვალისწინებით, გადაწყდა კონკურსის ყოველწლიური ჩატარება და დღეს BARTA არის ბიზნესის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი წამყვანი პლატფორმა.

 

2023 წელს BARTA-მ თავისი 5 წლის იუბილე აღნიშნა და კიდევ უფრო გაფართოვდა – გაძლიერდა საერთაშორისო მხარდაჭერა და გაიზარდა მისი გავლენა, რაც გამოიხატა ისეთი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, როგორიცაა ACCA Global.

BARTA 2024 – განვითარების ახალი ეტაპი და საერთაშორისო მხარდაჭერა:

 

2024 წლიდან ინიციატივას მხარს უჭერს მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების პროგრამა (EAASURE), რომელსაც ახორციელებს ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR). პროგრამა მიზნად ისახავს კორპორაციული ანგარიშგების გაუმჯობესებას ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. იგი ასევე ხელს უწყობს მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების გაუმჯობესებას და კომპანიების ანგარიშვალდებულების გაძლიერებას.

 

BARTA წლების განმავლობაში განუწყვეტლივ იხვეწებოდა და ფართოვდებოდა, რასაც ადასტურებს  დაინტერესებული და მონაწილე კომპანიების, პარტნიორების, სპონსორების, ნომინაციების რაოდენობისა და კატეგორიების ზრდა. 2019-2021 წლებში დაჯილდოება ორი ძირითადი ნომინაციით შემოიფარგლებოდა. თუმცა, 2022 წლიდან BARTA-მ მნიშვნელოვნად გააფართოვა ნომინაციების მრავალფეროვნება, გაკეთდა აქცენტი მდგრადობის ანგარიშგებაზე და დაემატა სპეციალური ნომინაციები.

2023 წელს ერთჯერადად დაემატა განსაკუთრებული ნომინაცია "ყველაზე მეტად გაუმჯობესებული ანგარიში", ხოლო 2024 წელს BARTA-მ ახალი კომპანიების წახალისების მიზნით დაამატა ნომინაცია „საუკეთესო დებიუტანტი კომპანია“. ეს ცვლილება BARTA-ს კიდევ უფრო ინკლუზიურს ხდის და კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას განავითარონ ანგარიშგების საუკეთესო პრაქტიკა და გაიძლიერონ იმიჯი კონკურენტულ ბაზარზე.

bottom of page